აშშ-ისგან ვერ მივიღეთ პოზიტიური პასუხი ჩვენს მთავარ მოთხოვნაზე - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა არ თქვა უარი აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოებაზე, რაც მოსკოვის მთავარი მოთხოვნა იყო.

„ამ დოკუმენტის მთავარ საკითხზე პოზიტიური პასუხი არ გვაქვს. ჩვენთვის მთავარი საკითხია მკაფიო პოზიცია, რომ NATO უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე და გაიყვანს შეტევისთვის განკუთვნილ შეიარაღებას, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ, როცა დასავლეთი საუბრობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, მათ მიიღონ ის დოკუმენტური გარანტიები, რომელიც რუსეთის ინტერესებს შეესაბამება.

ლავროვის თქმით, მოსკოვს არაერთხელ მიუღია დაპირება, მათ შორის, უმაღლეს დონეზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღარ გაფართოვდებოდა, თუმცა ეს დანაპირები არ სრულდებოდა.


შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ რუსეთს წაყენებულ მოთხოვნებზე წერილობით წუხელ უპასუხეს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად წერილობითი პასუხი საჯარო არაა, ცნობილი გახდა, რომ არ შესრულდება რუსეთის ორი მთავარი მოთხოვნა – უარი ეთქვას საქართველოსა და უკრაინას NATO-ში მიღებაზე და გავიდეს ალიანსის შეიარაღებული ძალები მისი აღმოსავლეთ ქვეყნებიდან.

ამ ორი მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, დასავლეთმა რუსეთს შესთავაზა ურთიერთდათმობა და თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხში, მათ შორის, სამხედრო წვრთნის შემცირებასა და შეაირაღების კონტროლში.

წერილობითი პასუხების გაგზავნის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათ ასევე მოსთხოვეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე იმყოფებიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ რუსეთს ახლა შეუძლია აირჩიოს დიპლომატიური გზა, ან შეიჭრას უკრაინაში, რასაც მისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.

რუსეთმა მოთხოვნების წამოყენება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი სამხედროს თავმოყრის პარალელურად. მოსკოვი მოითხოვს, რომ დასავლეთისგან წერილობით გარანტიები მიიღოს აღმოსავლეთით მისი გაფართოების შეწყვეტაზე, ხოლო ვარშავის პაქტის ყოფილი ქვეყნებიდან გავიდნენ მოკავშირეთა სამხედრო ძალები.

რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე რამდენჯერმე გაიმართა მოლაპარაკება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. რუსეთის წარმომადგენლები შეხვდნენ NATO-სა და ეუთოს წარმომადგენლებსაც.

ჯერჯერობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება დაძაბული რჩება. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვმა უკრაინის საზღვრებთან ასი ათასზე მეტი სამხედრო, სარაკეტო შეიარაღება, მძიმე ტექნიკა და არტილერია გადაისროლა. თებერვალში დაგეგმილი წვრთნის მომიზეზებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები შედიან მოსკოვის მოკავშირე ბელარუსშიც, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება.

კრემლს სამხედრო აგრესიის თავის შეკავებისკენ არაერთხელ მოუწოდეს დასავლეთში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში რუსეთს დამანგრეველი ეკონომიკური სანქციები ემუქრება.

უკრაინამ კი ბოლო კვირების განმავლობაში სამხედრო დახმარება მიიღო დიდი ბრიტანეთისგან, აშშ-ისა და ბალტიის ქვეყნებისგან. NATO-მ კი ალიანსის აღმოსავლეთ ქვეყნებში თავისი წარმომადგენლობის ზრდა დაიწყო. The New York Times-ის ცნობით, ვაშინგტონი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით რამდენიმე ათასი სამხედროს გადასროლასაც განიხილავს.