აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას უწყვეტს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას შეუწყვეტს და ორგანიზაციის შესახებ მოკვლევას დაიწყებენ.

მოკვლევამ, პრეზიდენტის თქმით, უნდა მოიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი კორონავირუსის პრევენციის ცუდ მართვასა და არასწორ მიდგომაში.

როგორც CNN წერს, მაშინ, როცა თავად დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე მოსალოდნელი კრიზისის უგულებელყოფაში, პრეზიდენტი ხშირად ესხმოდა თავს და ადანაშაულებდა სხვებს, მათ შორის, ჯანმოს.

ტრამპის თქმით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ყოველწლიურად 400-500 მილიონ დოლარს უხდის, როცა ჩინეთი მხოლოდ „ორმოციოდე მილიონს იმეტებს“.

„ჯანმოს თავისი საქმე რომ კარგად შეესრულებინა – დროულად გაეშვა სპეციალისტები ჩინეთში, რათა ობიექტურად დაკვირვებოდნენ კორონავირუსის გავრცელებას და მოეწოდებინათ ჩინეთისთვის მეტი გამჭვირვალობისკენ, ვირუსსაც შეაკავებდნენ და არც მსხვერპლი იქნებოდა ამდენი“, – განაცხადა ტრამპმა.