ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა.
სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს, რომ „არჩევნების მონაცემები დამაჯერებლად აჩვენებს ვენესუელელი ხალხის ნებას, დემოკრატიული ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა კვირას ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა”.
მისი თქმით, ვენესუელელებმა მისცეს ხმა და მათი ხმები უნდა იყოს გათვალისწინებული.
Electoral data overwhelmingly demonstrate the will of the Venezuelan people: democratic opposition candidate @EdmundoGU won the most votes in Sunday’s election. Venezuelans have voted, and their votes must count.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) August 2, 2024
ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ 31 ივლისს ქვეყნის უზენაეს სასამართლოს, საპრეზიდენტო არჩევნების აუდიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართა.
მადურომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულია და ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. სასამართლოსადმი მიმართვის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლო მთავრობის გავლენის ქვეშაა და, შესაბამისად, შედეგების განხილვა და აუდიტი დამოუკიდებლად ვერ მოხდება.
ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია – „კარტერის ცენტრი” აკვირდებოდა. ამერიკული ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები „არ შეესაბამება საარჩევნო ხელშეუხებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და ის არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად“.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Foro Penal-ის ხელმძღვანელის, ალფრედო რომეროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მოკლულია, სულ მცირე, 11 დემონსტრანტი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მედიის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
საპროტესტო აქციების მონაწილეები გაყალბებულად მიიჩნევენ 28 ივლისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, რომლის თანახმად, გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო.
მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.
ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.