აშშ-მა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის მთავრობის და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში მორიგი სანქციების გამოაცხადა – განცხადებაში ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვა შეეხება 60-ზე მეტ პირს, მათ შორის არიან ხელისუფლების, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. ასევე, შეზღუდვა შეეხებათ პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსული კანონის მიღებაში.

კერძოდ, განცახდებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს დამატებით ზომებს, რათა დაუწესოს სავიზო შეზღუდვები 60-ზე მეტ ქართველ ინდივიდსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

ამ ინდივიდებში შედიან ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად; ასევე, კორუფციულ პროცესებში ჩართული ბიზნეს ლიდერები; ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის მონაწილეების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

საქართველოში ახალი სანქციები გამოაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმაც – ამ სიაში 4 პირია შესული, მათ შორის არიან პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობის ,,ალტ-ინფოს” ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, სანქციები შეეხებათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პირები სანქცირდებიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო.

ამასთან, ნათქვამია, რომ კანონის მიღებამდე გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების ძალადობრივი ქმედებების სამიზნეები იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წევრები – ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდნენ ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური.

რაც შეეხება ზურაბ მახარაძესა და კონსტანტინე მორგოშიას, დეპარტამენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისინი აორგანიზებდნენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე ძალადობრივ თავდასხმებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტანტინე მორგოშია დამფუძნებელია ალტ-ინფოსი, რომელსაც იყენებს დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გასავრცელებლად.

„2021 წლის ივლისსა და 2023 წელს ის მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს იმ მარგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს”.

ზურაბ მახარაძეზე კი ნათქვამია, რომ იმავე წლებში ის პირადად მოუწოდებდა უმცირესობის ჯგუფებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისკენ და მონაწილეობდა ამის ორგანიზებასა და მართვაში.