აშშ-მა „აზოვის" პოლკისთვის მათი იარაღების გამოყენებაზე აკრძალვა გააუქმა - WP

პუბლიკა

აშშ-მა „აზოვის” პოლკის მებრძოლებისთვის მათი იარაღების გამოყენებაზე აკრძალვა გააუქმა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ნება დართო უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრ ქვედანაყოფს, რომ ამერიკაში დამზადებული იარაღები გამოიყენონ – ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.

მედია წერს, რომ ამერიკამ „აზოვის” პოლკის მებრძოლებს ეს აკრძალვა რამდენიმე წლის წინ დაუწესა, მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ დაჯგუფების ზოგიერთი დამფუძნებელი მხარს უჭერდა რასისტულ, ქსენოფობიურ და ულტრანაციონალისტურ შეხედულებებს – გაეროს წარმომადგენელმა კი ჯგუფი ადამიანის უფლებების დარღვევებში დაადანაშაულა.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყოვლისმომცველი გადამოწმების შემდეგ, „აზოვის” პოლკმა წარმატებით გაიარა „ლიჰის შემოწმება” – ეს კანონი კრძალავს ამერიკული იარაღების გამოყენებას იმ უცხოური ქვედანაყოფებისთვის, რომლებმაც დაარღვიეს ადამიანის უფლებები. სახდეპში აღნიშნეს, რომ მსგავსი დარღვევები ვერ იპოვეს.

მოხალისეთა ბატალიონი „აზოვი“ ჯერ კიდევ 2014 წელს, უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის დროს შეიქმნა პრორუს სეპარატისტებსა და რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლის მიზნით. მოგვიანებით „აზოვი“ გაფართოვდა, პოლკის სახე მიიღო და უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა. კრემლი ანტიუკრაინული პროპაგანდისთვის იყენებდა „აზოვის“ პოლკს და ამტკიცებდა, რომ ის ექსტრემისტული დაჯგუფება იყო.