აშშ-მა და ირანმა პაკისტანის მოლაპარაკებებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

პუბლიკა

აშშ-ის და ირანის დელეგაციებმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამართულ 21-საათიან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თეირანის მომლაპარაკებელთა ჯგუფმა ვაშინგტონის პირობები არ მიიღო. მისივე თქმით, „ეს მათი საბოლოო და საუკეთესო შეთავაზებაა“.

ვენსმა ისლამაბადის დატოვებამდე თქვა, რომ მათ ჰქონდათ „არაერთი შინაარსიანი დისკუსია ირანელებთან და ეს კარგი ამბავია“.

„ცუდი ამბავი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ცუდი ამბავია ირანისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ უბრალოდ ვერ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ირანელებს ჩვენი პირობები მიეღოთ“, – თქვა მან.

ირანის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად კითხვაზე ვენსმა თქვა, რომ ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის ქონის აღკვეთა, როგორც ახლა, ისე მომავალში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მთავარი მიზანია“.

„ჩვენ აქედან ძალიან მარტივი წინადადებით მივდივართ – ეს ჩვენი საბოლოო და საუკეთესო შეთავაზებაა. ვნახოთ, მიიღებენ თუ არა მას ირანელები“, – თქვა ჯეი დი ვენსმა.

თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აშშ-ს, თავი შეიკავოს „გადაჭარბებული მოთხოვნებისგან“ და აღიაროს ირანის „ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესმაილ ბაღაიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიმდინარე პროცესის წარმატება „დამოკიდებულია მოწინააღმდეგე მხარის სერიოზულობასა და კეთილსინდისიერებაზე“.

მოგვიანებით მან თქვა, რომ „დიპლომატია არასდროს მთავრდება“.

ვაშინგტონი მოითხოვდა:

  • ირანის ბირთვული პროგრამის დასრულებას;
  • ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას;
  • სარაკეტო პროგრამაზე შეზღუდვების დაწესებას.

აშშ-ის შეთავაზება მოიცავდა კონკრეტულ ვადებსა და პირობებს საბრძოლო მოქმედებების სრულად შესაწყვეტად, რასაც ირანული მხარე „გადაჭარბებულ მოთხოვნად“ მიიჩნევდა.

ირანის მოთხოვნა კი, თავის მხრივ, არის ირანზე ეკონომიკური სანქციების მოხსნა,  მათ შორის გაყინულ აქტივებზე (6 მილიარდი აშშ დოლარი) წვდომის აღდგენა და ისრაელის მიერ ლიბანში თავდასხმების შეწყვეტა.

BBC-ის კორესპონდენტი ამბობს, რომ ორივე მხარის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა თავიდანვე ნაკლებად სავარაუდო იყო.

პარალელურად ისრაელი აგრძელებს ლიბანის დაბომბვას. ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ საჰაერო იერიში მიიტანეს ლიბანში სარაკეტო გამშვებ დანადგარზე. ლიბანს და ისრაელს შორის მოლაპარაკებები მომავალ კვირას ვაშინგტონშია დაგეგმილი.

ისლამაბადის მოლაპარაკებებს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი ინტენსიური საომარი მოქმედებები და ფართომასშტაბიანი რეგიონული კრიზისი.

28 თებერვალს პენტაგონმა ისრაელთან ერთობლივი ოპერაციით ირანზე იერიშების მიტანა დაიწყო. იერიშების შედეგად დაიღუპა ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი და სხვა ირანელი მაღალჩინოსნები. საპასუხოდ ირანმა ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა ისრაელისა და სპარსეთის ყურის არსებული აშშ-ის ბაზების მიმართულებით.

ომის დაწყებისთანავე ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სრუტეა – მასზე მოდის მსოფლიო ნავთობის ტრანზიტის 20 პროცენტი. შესაბამისად, ამ სრუტის გახსნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

8 აპრილს აშშ და ირანი 2-კვირიან ზავზე შეთანხმდნენ, პარალელურად კი დაიგეგმა მოლაპარაკებები პაკისტანში. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტრამპის გადაწყვეტილებას ირანზე დარტყმების ორი კვირით შეჩერების შესახებ, თუმცა Reuters-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა არ გავრცელდება ისრაელის ოპერაციებზე ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. ისრაელი ლიბანზე თავდასხმებს ამ დრომდე ახორციელებს.