დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაახანგრძლივა რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები, რომლის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილიც არის სანქცირებული.
კერძოდ: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თავდაპირველად 2021 წლის 15 აპრილის №14024 აღმასრულებელი განკარგულებით გამოცხადდა რუსეთის საზიანო საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით და მოგვიანებით რამდენჯერმე გაფართოვდა.
სწორედ №14024 განკარგულებით დაუწესდა ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც 2024 წლის 27 დეკემბერს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეტყობინება შესაბამის მოხსენებასთან ერთად გადაეგზავნა საბანკო, საბინაო და საქალაქო საქმეთა კომიტეტს.
2026 წლის 24 მარტით დათარიღებულ შეტყობინებაში ნათქვამია:
„რუსეთის ფედერაციის მთავრობის გარკვეული საზიანო საგარეო საქმიანობა, კერძოდ, მცდელობები, ძირი გამოუთხაროს თავისუფალ და სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებსა და ინსტიტუტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებში; ჩაებას და ხელი შეუწყოს ბოროტგანზრახულ კიბერ-საქმიანობას; გამოიყენოს ტრანსნაციონალური კორუფცია უცხო ქვეყნის მთავრობებზე ზეგავლენის მოსახდენად; განახორციელოს ექსტრატერიტორიული საქმიანობა დისიდენტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ; საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებას იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის; და დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, კვლავ წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის.
შესაბამისად, მე დავადგინე, რომ აუცილებელია №14024 აღმასრულებელი განკარგულებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება რუსეთის ფედერაციის მთავრობის ამ გარკვეულ მავნე საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით“.