ამერიკის შეერთებული შტატები სამ რუსულ ტელევიზიას და გაზპრომბანკის 27 აღმასრულებელს სანქციებს უწესებს.
შეერთებული შტატები კრძალავს ამერიკელების მიერ რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდებასაც.
თეთრმა სახლმა ინფორმაცია G7-ის ლიდერების და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
თეთრი სახლის თანახმად, სანქციები შეეხებათ რუსეთის სამ ყველაზე პოპულარულ, სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებად მედიას: რუსეთის პირველ არხს, Russia-1-ს და NTV Broadcasting Company-ს.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ კონტრლირებადი მედია აძლიერებს პუტინის ომს და უცხოური შემოსავლების უმსხვილესი მიმღებია, რომელიც რუსეთის ბიუჯეტს ამდიდრებს.
გარდა ამისა, ახალი პაკეტით გათვალისწინებულია რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტა და რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება.
„აშშ-მ უკვე აკრძალა რუსული ნავთობის, გაზის და ქვანახშირის იმპორტი. დღეს მთელი G7 ვალდებულია, შეწყვიტოს ან აკრძალოს რუსული ნავთობის იმპორტი, რაც ძლიერად დაარტყამს პუტინის ეკონომიკას. G7 ასევე ვალდებულია, იმუშაოს გლობალური ენერგიის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ გამოსცემს ახალ წესს, რომელიც დამატებით შეზღუდვას აწესებს რუსეთის ინდუსტრიულ სექტორზე მათ შორის ხის პროდუქტების, სამრეწველო ძრავების, ქვაბების, ძრავების, ვენტილატორების და სავენტილაციო მოწყობილობების, ბულდოზერების და მრავალი სხვა პროდუქტის ჩათვლით.
აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანია Promtechnologiya-ს, რომელიც აწარმოებს თოფებსა და სხვა იარაღს, რომლებიც გამოიყენებოდა უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში;
სანქციების ახალ პაკეტს გაეცანით ბმულზე.
თეთრმა სახლმა დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, G7-ის ქვეყნებმა სანქციების გამკაცრების და რუსულ ენერგორესურსებზე ეტაპოვრივად დამოკიდებულების შეჩერების პირობა დადეს.