აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის განცხადებით, ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონის დოლარის ფედერალური გრანტი შეუწყვიტა იმის გამო, რომ „უნივერსიტეტმა ვერ შეძლო ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის სათანადო აღმოფხვრა კამპუსში“.
ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო კვირებში ჰარვარდისთვის თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების გრანტები და კონტრაქტები ან გაყინა, ან სრულად გააუქმა. აშშ-ის პრეზიდენტი უნივერსიტეტს დაემუქრა, რომ გადასახადებისგან გათავისუფლებულის სტატუსს შეუწყვეტდა.
გასულ თვეში ჰარვარდმა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
„მთავრობის მიერ ძალაუფლების გადამეტების შედეგები მძიმე და ხანგრძლივი იქნება“, – თქვა ჰარვარდის პრეზიდენტმა, ალან მ. გარბერმა.
ჰარვარდის სარჩელს თეთრი სახლი გამოეხმაურა და თქვა, რომ „სრულდება ამერიკელი ოჯახების გადასახადებით ჰარვარდის მსგავსი ინსტიტუციების“ დაფინანსება.
„ფედერალური დახმარება ისეთი ინსტიტუციებისთვის, როგორიც ჰარვარდია და გაჭირვებული ამერიკელი ოჯახების გადასახადებიდან ფინანსდება, სრულდება. გადასახადის გადამხდელების სახსრები პრივილეგიაა და ჰარვარდი ვერ აკმაყოფილებს ამაზე წვდომისთვის საჭირო პირობებს“, – თქვა თეთრმა სახლმა.
ჰარვარდის პრეზიდენტის თქმით, დაფინანსების შეწყვეტა შეეხო კრიტიკულად მნიშვნელოვან კვლევებს, მათ შორის ბავშვთა სიმსივნის, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების კვლევებს.
ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უნივერსიტეტმა უარი თქვა დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე, რომ ჰარვარდის კამპუსის ტერიტორიაზე აქტივიზმი შეეზღუდა.
ადმინისტრაციის წერილში ნახსენები იყო ჰარვარდის თანასწორობისა და ინკლუზიური პროგრამების აღმოფხვრა და კამპუსზე პროტესტებზე ნიღბების აკრძალვა. ასევე, სტუდენტების ჩარიცხვის რეფორმები და იმ ფაკულტეტისა და ადმინისტრატორების უფლებამოსილების შემცირება, რომლებიც „სტიპენდიებზე მეტად, აქტივიზმზე არიან კონცენტრირებული“.
აღნიშნული ცვლილებები ფედერალური სამუშაო ჯგუფის უახლესი ინიციატივაა „ანტისემიტიზმთან საბრძოლველად“. ის დაინერგა მას შემდეგ, რაც ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტს ქვეყნის მასშტაბით აქციები მოჰყვა.