აშშ-მა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ სანქცია დააწესა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ოლექსანდრ ტუპიცკი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ტუპიცკის წინააღმდეგ სანქცია ამოქმედდა მისი ჩართულობის გამო მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებში, მათ შორის, სასამართლოში მსახურების დროს ფულადი ქრთამის აღებისთვის. სანქცირებულთა სიაში მოხვდა ტუპიცკის ცოლიც.

ოლექსანდრ ტუპიცკის წინააღმდეგ კიევში გამოძიება გასულ წელს დაიწყო. მას გენერალური პროკურატურა  კორუფციულ მოქმედებებში ჩართვასა და მოწმეთა მოსყიდვას ედავება.

ტუპიცკი და საკონსტიტუციო სასამართლო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ანტიკორუფციული კანონმდებლობის ინიციატივას დაუპირისპირდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკორუფციული რეფორმა გააუქმა.

ზელენსკიმ კი ტუპიცკის წინააღმდეგ გამოძიების ფონზე ის 27 მარტს გაათავისუფლა, როცა გამოაცხადა, რომ აუქმებს იანუკოვიჩის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის დანიშვნის ბრძანებას, რადგან ისინი მოქმედებენ უკრაინის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს, კანონიერია თუ არა ზელენსკის გადაწყვეტილება.

გუშინ სანქცირებულთა სიაში მოხვდა კიდევ ერთი უკრაინელი თანამდებობის პირი. აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტმა ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრეი პორტნოვი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, პორტნოვი მონაწილეობდა მოსამართლეთა მოსყიდვასა და სასამართლო საქმეების გაყალბებაში. პორტნოვის წინააღმდეგ მიმართულია ბრალდებები, რომ ის იყენებდა თავის გავლენას უკრაინაში წამოწყებული რეფორმების ძირის გამოსათხრელად.

აშშ-მა სანქციები სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირების მიმართ სანქციები 9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დააწესა.