აშშ მკაცრად გმობს ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში - დეგნანი

პუბლიკა

„მინდა ხაზი გავუსვა, ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ გზავნილს, რომელიც მკაცრად გმობს ბატონ ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

„განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს, როდესაც პირადად მე და მრავალმა სხვამ, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. აშშ არის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელ რეგიონში მშვიდობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკას ვიზიტი დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მათ შესაბამისი განცხადებები „ტვიტერზე“ გაავრცელეს.

საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.

ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა დაგმო დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა, ასევე ავსტრიისა და ლიეტუვის ელჩებმა საქართველოში.