აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი - აზერბაიჯანული მედია

პუბლიკა

აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს აზერბაიჯანიდან გამოქცეული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში გასულ კვირას დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობაშია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ღრმად შეწუხებულები ვართ ცნობებით, რომ თბილისში დააკავეს აფგან სადიგოვი. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის“, – ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარს ალექს რაუფოღლუ, ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, აფგან სადიგოვის დაკავება აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი, თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებისგან, მათ შორის საზღვარგარეთ, და შეწყვიტოს პრესის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები“, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.