ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, მისი ინაუგურაციის დღესვე, ოვალურ კაბინეტში 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ერთ-ერთი ბრძანება, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებიდან ამერიკა 2017 წელს გამოვიდა.
კიდევ ერთი ბრძანება, რომელსაც ოვალურ ოფისში ხელი მოეწერა, ითვალისწინებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ფედერალურ შენობასა და ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომდევნო 100 დღით სავალდებულო ხდება როგორც პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანცირების დაცვა.
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააუქმა და გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა შეაჩერა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება და გააუქმა ექვსი მუსლიმანური ქვეყნიდან აშშ-ში ჩასვლაზე დაწესებული შეზღუდვა.
„ვაპირებ იმ დაპირებების აღსრულებას, რომელიც ამერიკელ ხალხს მივეცი“, – უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში, როდესაც მან ბრძანებებს და მემორანდუმებს ხელი მოაწერა.