ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი გეგმავს უკრაინული ჯარის თავდასხმის ინსცენირებას, რასაც ომის დასაწყებად გამოიყენებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, მათ აქვთ დაზვერვის მიერ მოპოვებული, კლასიფიცირებული ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები გაყალბებული ვიდეოს შექმნას გეგმავენ.
„ეს იქნება ვიდეო, გაყალბებული აფეთქების სცენებით, დასახიჩრებული გვამებით, პირებით, რომლებიც თავს გვაჩვენებენ მგლოვიარეებად და განადგურებული სამხედრო ინფრასტრუქტურის კადრები, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები დაამონტაჟებენ“, – აცხადებს ნედ პრაისი.
ნედ პრაისს არ წარმოუდგენია უშუალო მტკიცებულებები და ამბობს, რომ საიდუმლოა მისი მოპოვების გზებიც. თუმცა მისი განცხადებით, დაზვერვის ინფორმაცია თეთრი სახლისთვის სარწმუნოა. რუსულმა სპეცსამსახურებმა შესაძლოა, თავდასხმის ინსცენირება უშუალოდ რუსეთში ან დონბასში, სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოაწყონ.
აშშ-ის ხელისუფლებამ თავდასხმის შესაძლო ინსცენირებაზე აქამდეც ისაუბრა. თუმცა ვაშინგტონის ბრალდებებს უარყოფენ მოსკოვში. კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ს მათთვის უსაფუძვლო ბრალდებები წარსულშიც არაერთხელ წაუყენებია.