აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, რომელშიც პუტინისა და ლავროვის ოჯახებიც მოხვდნენ

პუბლიკა

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მოსკოვის წინააღმდეგ აშშ ახალ სანქციებს აწესებს, რომელიც კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტით სრულად შემზღუდავი სანქცია დაუწესდება რუსეთის მთავარ საფინანსო ინსტიტუტს „სბერბანკს“ და ყველაზე დიდ კერძო ბანკს „ალფა ბანკს“.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ „სბერბანკი“ აკონტროლებს რუსეთის საბანკო სექტორის ორ მესამედს, შესაბამისად მისი სრულად დაბლოკვა საფინანსო სექტორისთვის დიდი დარტყმა იქნება.

სანქციები ასევე შეეხება რუსეთში ახალ ინვესტიციებს, რომელსაც თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ „დიდ შვიდეულსა“ და ევროკავშირთან კოორდინაციით აწესებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციების ახალი ტალღა შეეხო რუსული ელიტის ოჯახებსაც. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პუტინის ქალიშვილები მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა, ასევე სერგეი ლავროვის ცოლ-შვილი და რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები, მედვედევის ჩათვლით.

„სანქცირებულთა სიაში უკვე 140 რუსი ოლიგარქი, მათი ოჯახის წევრები და რუსეთის ხელისუფლების 400-მდე წარმომადგენელია“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

რუსული ელიტის ოჯახის წევრების, მათ შორის, პუტინის შვილების სანქცირებას ვაშინგტონში იმით ხსნიან, რომ მათი ინფორმაციით, ქონების მოზრდილ ნაწილს ხელისუფლების წევრები სწორედ ოჯახის წევრებზე აფორმებენ.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ახალი სანქციები დაუწესდებათ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, რომელზეც განცხადებას ვაშინგტონში ხუთშაბათს გააკეთებენ.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. მათ შორის, უკვე დაწესებულმა სანქციებმა, რუსული ეკონომიკის ბოლო 15 წლის წინსვლა უკვე გაანადგურა. საბოლოოდ კი პუტინს ახალი რეალობის მიღება მოუწევს.