აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საარჩევნო პროცესზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საარჩევნო დარღვევებზე პოლიტიკურ მხარეებს, სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას.

რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.

დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.