ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილებით, თანამშრომლის სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული ნიშნის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო გახდა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „სამოქალაქო უფლებების აქტის” მე-7 თავით გათვალისწინებულ აკრძალვას, რომელიც კრძალავს ადამიანების დისკრიმინაციას სქესის, რასის, კანის ფერის, რელიგიური მრწამსისა და ნაციონალური იდენტობის საფუძველზე, აფართოებს და ჩამონათვალში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მოაზრებას ითვალისწინებს.
უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამიერიდან გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია „სამოქალაქო უფლებების აქტის” მე-7 თავის დარღვევად მიიჩნევა.
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში მყოფი მოსამართლეების ნაწილი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მათი აზრით, კანონმდებლობის შესწორება, თუ მასში ცვლილებების შეტანა კონგრესის მოვალეობაა და არა სასამართლოსი. ისინი ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრიცნიპი დაარღვია.
„მათ წამოაყენეს სერიოზული არგუმენტები სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ და უნდა ამაყობდნენ დღეს დამდგარი შედეგით”, – აცხადებს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანოგი ლგბტ აქტივისტების შესახებ – „თუმცა, ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპის მიხედვით, მე ვფიქრობ, რომ „სამოქალაქო უფლებების აქტის” მე-7 თავის ჩასწორება კონგრესის მოვალეობაა და არა სასამართლოსი. შესაბამისად, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე არ ვეთანხმები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას”.
გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მოსამართლე სამუელ ალიტოც.
„მხოლოდ ერთი სახელი აქვს იმას, რაც დღეს სასამართლომ გააკეთა: კანონმდებლობა. დოკუმენტს, რომელიც სასამართლომ გამოაქვეყნა, კანონის განმმარტებებელი სამართლებრივი მოსაზრების ფორმა აქვს, თუმცა იგი შეცდომაში შემყვანია”, – აცხადებს მოსამართლე ალიტო.
მოსამართლე ალიტოს თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება კეთილშობილური მიზნებით მიიღო, თუმცა განაცხადა, რომ „სასამართლოს უფლებამოსილება იმის დადასტურებაა, თუ რას გულისხმობს ესა თუ ის კანონი, და არა მათი ჩასწორება”.
ლგბტქ უფლებადამცველების განცხადებით, უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა თანასწორობისთვის ბრძოლის გზაზე.