შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ს. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არალეგალურად გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენის მსურველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საჭირო დოკუმენტებს გადასცემდა, აშშ-სა და კანადაში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დ. ს.-ის დანაშაულებრივი ქმედების ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება და სატელეფონო მიყურადება განახორციელეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა და წინასწარ გამოართვა 4000 ლარი.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშაულება „მარიხუანა“, დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღჯვეთას ითვალისწინებს.