აშშ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოხალისეებს გამოგზავნის - მაიკ პომპეო

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოხალისეებს გამოგზავნის. ამის შესახებ პომპეოს წერილში წერია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არჩევნებში დამკვირვებლების მოწვევის საპასუხოდ მიიღო.

როგორც წერილშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტი შეარჩევს მოხალისეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი ODIHR-ის მისიას შეუერთდნენ.

„მადლობას გიხდით თქვენი წერილისათვის და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საქართველოში მოწვევისათვის. ვიზიარებ თქვენს ძალისხმევას, უზრუნველყოთ სამართლიანი არჩევნები, რაც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ვაფასებ ყველა ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით,“ – წერია პომპეოს განცხადებაში.

წერილში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციას სრული სადამკვირვებლო ჯგუფის განთავსების შესახებ, რომელიც მოიცავს 28 დამკვირვებელს გრძელვადიანი პერიოდით და 350 დამკვირვებელს მოკლევადიანი პერიოდით.

„ვაცნობიერებთ COVID-19-თან დაკავშირებული ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რამაც, შესაძლოა, გაართულოს სრულმასშტაბიანი მისიის ორგანიზება. დეპარტამენტი შეარჩევს მოხალისეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი შეუერთდნენ ODIHR-ის მისიას“, – წერია განცხადებაში. 

პომპეოს წერილში აღნიშნულია, რომ ODIHR-ის მისიის გარდა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, საელჩოს გუნდის მხრიდან არჩევნების დაკვირვებას უზრუნველყოფს.

„მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამო, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტეს, არ განათავსონ საერთაშორისო დამკვირვებლები მოკლე პერიოდით არჩევნების დღეს, ჩვენ ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ არჩევნებს. მათ შორის, გრძელვადიანი პერიოდით ანალიტიკოსებისა და ვირტუალური დამკვირვებლების სახით, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ“, – ნათქვამია პომპეოს წერილში.

სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს წერილს აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ზალკანიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარტნიორები სრულ მზაობას გამოხატავენ საქართველოს მთავრობასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძონ საქართველოს დახმარება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიზნით.

„მივესალმები სტრატეგიული პარტნიორის მზაობას, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, არსებული რესურსით – საელჩოს სახით და ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მოხალისეების მოზიდვის გზით, მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი“, – წერს ზალკანიანი.