აშშ შესაძლოა კორონავირუსის ახალი ეპიცენტრი გახდეს - ჯანმო

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიდან 85% ევროპასა და აშშ-ში დაფიქსირდა. ამათგან 40% აშშ-ში გამოვლინდა. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ აშშ-ში ვირუსის სწრაფი გავრცელება შეინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ აშშ კორონავირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრად შეიძლება იქცეს.

„ჩვენ ახლა დადასტურებული შემთხვევების სწრაფ გამოვლენას ვხედავთ. ამრიგად, აშშ-ს აქვს პოტენციალი გახდეს ვირუსის გავრცელების ახალი ეპიცენტრი“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 334 981 და გარდაცვალების 14 652 შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების 46 168 შემთხვევით აშშ მსოფლიოში, დღეის მდგომარეობით, მესამე ადგილზეა.

 

წყარო: „ამერიკის ხმა”