აშშ-ში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, წინასწარ ხმა 75 მილიონმა ადამიანმა მისცა

პუბლიკა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ხმა უკვე 75,1 მილიონმა ამერიკელმა მისცა – ნაწილმა ფოსტის საშუალებით, ხოლო ნაწილმა წინასწარი კენჭისყრის უბანზე მონაწილეობით.

ხმა უკვე მისცა დემოკრატმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა, რომელმაც დაადასტურა,  რომ თავისი ბიულეტენი ფოსტის საშუალებით გააგზავნა.

წინასწარი კენჭისყრა 36 შტატშია შესაძლებელი – BBC წერს, რომ მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლოს კამალა ჰარისი არჩევნებს შეუერთდა, ეროვნულ სარეიტინგო საშუალო მაჩვენებლებში მას ტრამპთან შედარებით მცირე უპირატესობა ჰქონდა და ის კვლავ ლიდერობს.

4 წლის წინ დემოკრატებს რესპუბლიკელებთან შედარებით წინასწარ კენჭისყრაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ამჯერად სხვაობა შესაძლოა უფრო მცირე იყოს, რადგან რესპუბლიკელი მაღალჩინოსნები თავიანთ მხარდამჭერებს წინასწარ ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ.

როგორც BBC წერს,  მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გამოკითხვები სასარგებლოა კანდიდატის პოპულარობის გასაზომად მთელ ქვეყანაში, ისინი საუკეთესო საშუალება არ არის არჩევნების შედეგის პროგნოზირებისთვის – აშშ იყენებს საარჩევნო კოლეგიის სისტემას, სადაც თითოეულ შტატს ხმების რაოდენობა მოსახლეობის ზომის შესაბამისად ენიჭება. სულ 538 საარჩევნო კოლეგიის ხმაა და კანდიდატს გამარჯვებისთვის 270 ხმის მოპოვება სჭირდება.

აშშ-ში 50 შტატია, მაგრამ რადგან უმეტესობა თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე პარტიას აძლევს ხმას, რეალურად მხოლოდ რამდენიმე შტატია, სადაც ორივე კანდიდატს გამარჯვების შანსი აქვს. სწორედ ამ შტატებში წყდება არჩევნები და მათ უწოდებენ გადამწყვეტ ან მერყევ შტატებს. ესენია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.

ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკელების კანდიდატია, პირველი არჩევნები 2016 წელს მოიგო, ხოლო ოთხი წლის შემდეგ ბაიდენთან წააგო. რაც შეეხება ჰარისს, ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია და მას აქვს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მხარდაჭერა. ჰარისი აგვისტოს დასაწყისში ოფიციალურად გამოცხადდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატად.