ებრაელი ბავშვების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით აშშ-ში ქართველი კაცი დააკავეს

პუბლიკა

აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და მასობრივი თავდასხმები.

აშშ-ის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა მანიაკური მკვლელობების კულტს – ქირაობდა სხვებს სხვადასხვა სახის  დანაშაულის ჩასადენად, მიმართულს ეთნიკური უმცირესობებისა და ებრაელი თემის წინააღმდეგ.

განცხადებაში საუბარია, რომ ის საახალწლოდ გეგმავდა ებრაელი ბავშვების მოწამვლას, მათთვის სანტა კლაუსის ფორმით მოწამლული კანფეტების დარიგებით.

უწყების ცნობით, ბრალდებული ცდილობდა, დაექირავებინა სხვა ადამიანები ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად, რათა გაეძლიერებინა თავისი ნეონაცისტური იდეოლოგიები.

პროკურატურის თანახმად, ჩხიკვიშვილის მიზანი იყო, თავდასხმა 2011 წელს ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერორისტულ აქტზე უფრო მასობრივი ყოფილიყო.