აშშ-ში ენტონი ბლინკენის მონაწილეობით სომხური და აზერბაიჯანული მხარეები შეხვდებიან

პუბლიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის თქმით, სომხური მხარის ინიციატივით, დღეს ნიუ-იორკში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი დაესწრებიან.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული სამხედრო დაპირისპირების შემდეგ პირველად შეხვდებიან.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი დაპირისპირება 13 სექტემბრის ღამით დაიწყო. სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯანმა მათი ქვეყნის წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა და შეიჭრა სომხეთის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანი კი ამტკიცებს, რომ სომხეთის მიმართულებით იერიშის წამოწყებას „სომხური მხარის მიერ მოწყობილი პროვოკაცია“ უძღოდა წინ.

ამ დროისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლი შეწყვეტილია. დაპირისპირებას მინიმუმ 135 სომეხი სამხედრო და 70-ზე მეტი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში გარკვეული პოზიციები დაიკავა.

სამხედრო დაპირისპირების ფონზე ერევანში ჩავიდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი. ერევანში ვიზიტისას მან დაგმო აზერბაიჯანის მოქმედებები და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, მოუსმინოს ერევნის სამხედრო საჭიროებებს. ბაქოსა და ანკარაში კი პელოსის ვიზიტი გააკრიტიკეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მისი ერევანში ჩასვლა სიტუაციის განმუხტვას არ უწყობს ხელს.