აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 3 000 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, ჯამში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, აშშ-ში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი – კორონავირუსით ინფიცირების 890 000 შემთხვევაა აღრიცხული. რაც გაცილებით მეტია მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთთან, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 220 000-მდეა.

სულ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2 766 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 193 774 ადამიანი გარდაიცვალა, 764 118 კი გამოჯანმრთელდა. დასრულებული შემთხვევებიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 20%-ია, თუმცა, Worldometers-ის მიხედვით, ინფიცირების აქტიური შემთხვევების 97% მძიმე არ არის.