ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები 25 ნოემბერს ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში მივიდნენ და მიიტანეს წერილი, რომლითაც მოითხოვენ, არ შეუზღუდონ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ემიგრანტებს კარი საქართველოს საელჩოს კონსულმა, პაატა პაპუაშვილმა გაუღო, თუმცა, ისინი შენობაში არ შეუშვა, მათ სანახევროდ გაღებული კარიდან ელაპარაკა და წერილიც იქვე გამოართვა.
განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 9 დიასპორული ორგანიზაცია, ახსნილია, რომ მათ ეკუთვნით საარჩევნო უფლებით სარგებლობა როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო პრაქტიკის და კანონმდებლობის საფუძველზე.
განცხადებაში ასევე მოყვანილია რიცხვები, რომელიც საქართველოში აშშ-დან შემოდის და წელიწადში რამდენიმე ასეულ აშშ დოლარს შეადგენს. საუბარია იმაზე, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არ კარგავენ კავშირს საქართველოსთან, ბავშვები სწავლობენ ენას და ეცნობიან ქართულ კულტურას.
„საარჩევნო უფლების შეზღუდვით საქართველო ასევე არღვევს საერთაშორისო- სამართლებრივ ვალდებულებებს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და კანონიერებას.
საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში არ არის ხელისუფლების კეთილი ნება — ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც ეფუძნება ყველა მოქალაქის თანასწორ უფლებას.
ამიტომ, ჩვენ გულწრფელად და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
გადახედოს ინიცირებულ ცვლილებას, რათა არც ერთი ცვლილება არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ გარანტიებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.
დაიცვას ხმის მიცემის საყოველთაოობისა და თანასწორობის უფლება, მათ შორის საზღვარგარეთ მაცხოვრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
გააძლიეროს და განავითაროს საზღვარგარეთ ხმის მიცემის მექანიზმები.
შეზღუდვის ნაცვლად, შეიმუშავოს თანამედროვე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული პროცედურებით“. – ნათქვამია განცხადებაში.
ისინი ასევე მოუწოდებენ ქართულ მხარეს, პირიქით, გაიზარდოს საარჩევნო უბნების რაოდენობა და უზრუნველყოფილ იქნას ხმის მიცემის უსაფრთხოება.
„ქართული სათვისტომო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთხმად განვაცხადეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ინიციირებულია საქართველოში. დღეს კი ჩვენი ერთიანი განცხადება გადავეცით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს ვაშინგტონში.
ძალიან შეწუხებულები, შეშფოთებულები და შეურაცხყოფილები ვართ ამ ცვლილებებთ და ამის გამოსახატად მოვედით – არა საპროტესტო აქციით, არამედ კონსტრუქციული შეხსენებით, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი წამოწყებაა.
გვაქვს მოლოდინი, რომ გაიგებენ ჩვენს ხმას“. – თქვა სალომე წერეთელი-სტივენსმა, რომელიც „ქართული ასოციაცია აშშ-შის“ პრეზიდენტია.
ქართული სათვისტომო ორგანიზაცია „თვისტომის“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეიძემ თქვა, ემიგრანტებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა. მისივე თქმით, ემიგრანტებს ჰქონდათ სურვილი, შეხვედროდნენ საქართველოს ელჩს აშშ-ში, თამარ ტალიაშვილს, თუმცა, „ეს შეხვედრა ვერ შედგა“.
„ქართულმა ოცნებამ“ I მოსმენით „საარჩევნო კოდექსი“ დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.