აშშ-ში პრემიერის შეხვედრების მთავარი თემა ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება - ბაქრაძე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება და სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება.

„პრემიერი გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. ამის პარალელურად, იმართება არაერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ენერგოუსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.