აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) რემდესივირი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა. რემდესივირი პირველი პრეპარატი იქნება, რომელსაც FDA Covid-19-ის წინააღმდეგ ფართო მოხმარების მედიკამენტად გამოიყენებს.
გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, რემდესივირი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 1 მაისიდან არის დამტკიცებული, თუმცა ფართო მოხმარებისთვის ამ დრომდე არ იყენებდნენ.
FDA-ის მიხედვით, მედიკამენტს მხოლოდ სტაციონარებში, სამედიცინო დაწესებულებებში გამოიყენებენ 12 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში, რომელთა წონა 40 კილოგრამზე მეტია.
FDA-ის განცხდებით, რემდესივირის დამტკიცებას წინ უძღოდა მონაცემთა ანალიზი, რომელიც რამდენიმე კლინიკური კვლევის შედეგებს ეფუძნება. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფართო მოხმარების პრეპარატებზე მუშაობას გააგრძელებენ, თითოეული მათგანის რისკისა და შედეგების ანალიზით.