აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებამდე ზელენსკი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ეხმაურება საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ-სალმანთან შეხვედრას და ამბობს, რომ განიხილეს ყველა ძირითადი საკითხი, როგორც ორმხრივი, ასევე სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა. ზელენსკიმ დაწერა, რომ „მადლიერი“ იყო პრინცის „გონივრული პერსპექტივისთვის“ საერთაშორისო ურთიერთობებსა და უკრაინის მხარდაჭერაზე.  შეხვედრა გაიმართა ორშაბათს, დღეს კი უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამართავენ მოლაპარაკებებს.

„საუდის არაბეთი უზრუნველყოფს დიპლომატიის გადამწყვეტ პლატფორმას და ჩვენ ვაფასებთ ამას“, – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პრინცთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ტყვეების გათავისუფლებასა და უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებაზე, რაც, მისივე თქმით, შეიძლება, გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდეს დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაში.

ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-უკრაინის წარმომადგენლებს შორის დღეს დაგეგმილ მოლაპარაკებებში.

„უკრაინის დელეგაცია რჩება ჯედაში, რათა იმუშაოს აშშ-ს გუნდთან ერთად სამშაბათს, 11 მარტს და პრაქტიკულ შედეგებს ვიმედოვნებთ. უკრაინის პოზიცია ამ მოლაპარაკებებში სრულიად კონსტრუქციული იქნება“, – დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის დელეგაციაში არიან:

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – ანდრეი ერმაკი
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიჰა
  • თავდაცვის მინისტრი- რუსტემ უმეროვი
  • პოლკოვნიკი – პავლო პალისა

ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი, ასევე, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი წარმოადგენენ.


ეს პირველი მოლაპარაკება იქნება ამერიკა-უკრაინას შორის მას შემდეგ, რაც ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს. ამ შეხვედრაზე ტრამპმა და ზელენსკიმ იკამათეს, ხელი არ მოეწერა მინერალების შეთანხმებას.

აშშ-სა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ასევე გამართეს შეხვედრა საუდის არაბეთში გასულ თვეში. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვლადიმერ პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი.

აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა როგორც უკრაინის, ისე ევროპის ლიდერების მხრიდან. უკრაინის პოზიციაა, რომ უკრაინის საკითხზე უკრაინის თემაზე მოლაპარაკებები არ უნდა ჩატარდეს.