აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ჩავიდა

პუბლიკა

დღეს, 7 აპრილს, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ჩავიდა.

ვენსი ბუდაპეშტში ცოლთან, უშა ვენსთან ერთად იმყოფება.

აეროპორტში მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტრო დახვდა.

სოციალური მედიაში გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეორგოლში სიიარტომ ჯეი დი ვენსის დღევანდელ ვიზიტს ისტორიული უწოდა და თქვა, რომ ეს არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 1991 წლის შემდეგ და აშშ-ის უმაღლესი დონის წარმომადგენლის სტუმრობა 2006 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას ჯორჯ ბუში ეწვია.

„ეჭვგარეშეა, რომ ეს უნგრულ-ამერიკული ურთიერთობების ოქროს ხანაა“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიახლოვეს და მეგობრობასაც კი დონალდ ტრამპსა და ვიქტორ ორბანს შორის.

პიტერ სიიარტროს თქმით, დღევანდელ მოლაპარაკებებზე განიხილავენ მიგრაციას, გლობალურ უსაფრთხოებას, ასევე უნგრეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ თანამშრომლობას.

ჯეი დი ვენსის ვიზიტს გამოეხმაურა ორბანის მთავარი ოპონენტი პიტერ მაიარი.

X-ზე მან დაწერა:

„არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს უნგრეთის არჩევნებში. ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია არ იწერება ვაშინგტონში, მოსკოვსა თუ ბრიუსელში – ის იწერება უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე. ხუთი დღე დარჩა“.

ამავდროულად, გამოცემა Bloomberg გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ „მის სამსახურში იყო“ – ეს განცხადება ბუდაპეშტში უკრაინის სამშვიდობო სამიტის მასპინძლობის შესახებ გამართული წინასწარი დისკუსიის ნაწილი იყო.

სატელეფონო საუბარი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ოქტომბერში შედგა, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტის ორგანიზებას შეეხებოდა უკრაინაში რუსეთის ომის საკითხის განსახილველად. მათ ასევე იმსჯელეს იმ პირობებზე, რომლებიც შეხვედრის ჩასატარებლად იყო საჭირო, მათ შორის აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსამზადებელ შეხვედრაზე.

Bloomberg-ის თანახმად, საუბრისას მხარეებმა განიხილეს მათი ხანგრძლივი ურთიერთობა, რომელიც სათავეს ორბანის 2009 წლის სანქტ-პეტერბურგში პირველი ვიზიტიდან იღებს. მათ ასევე გამოხატეს აღფრთოვანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პუტინმა განაცხადა, რომ უნგრეთი „შესაძლოა, ერთადერთი“ ევროპული ქვეყანა იყო, რომელიც განსახილველი შეხვედრისთვის მისაღებ ადგილად მიიჩნეოდა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი ორბანმა რუსულ ენაზე დამშვიდობებით დაასრულა.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების შედეგებით, ორბანის მთავარი ოპონენტის, პეტერ მაიარის პარტია „ტისზა“ ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ სულ მცირე 10%-ით უსწრებს.

მანამდე Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ამზადებდა ორბანზე თავდასხმის იმიტაციას – ოპერაციას სახელწოდებით Gamechanger, რათა არჩევნებში მისი შანსები გაეზარდა.

ამავე დროს, Washington Post-ის თანახმად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების კონფიდენციალურ ინფორმაციას თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა. ინფორმაცია დაადასტურა პიტერ სიიარტრომაც.