აშშ-ის საელჩო ადასტურებს, რომ საქართველოზე სახდეპ-ის კომენტარი ავთენტურია

პუბლიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, რომელსაც  globalnews.ge აქვეყნებს, ავთენტურია.

2 აპრილს ონლაინგამოცემა Globalnews-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერისთვის საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ” აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის განწყობა შესაბამისი ქმედებებით უნდა აჩვენოს.

„ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.

შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში Global News-ის ცნობით.