სახდეპი: საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა

პუბლიკა

ამერიკის საელჩოს განცხადებით, საქართველოს დასავლური ტრაექტორია არის რისკის ქვეშ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები „კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში გმობს”.

საელჩოს განცხადებით, ისევე როგორც ეს კანონი, საერთოდ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

„საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ეს კანონი და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას – რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ – არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.