ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლას და მისი სტუმრობის გამო გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
ბჟანიას პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტმა პოზნერს დაბადების დღე მიულოცა და თბილისის ნაცვლად სოხუმში დაპატიჟა.
„აფხაზეთის მთელი მოსახლეობა გააოგნა იმ სიტუაციამ, რომელიც შეიქმნა თბილისში თქვენი ჩამოსვლის შემდეგ. მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელების მოქმედებებმა, რომლებმაც დაარღვიეს კავკასიელი ხალხის საუკუნოვანი ტრადიციები. პატივცემულო ვალიდიმირ ვლადიმიროვიჩ, აფხაზეთში თქვენ ყოველთვის გელიან და გიწვევთ რესპუბლიკის მოსანახულებლად თქვენთვის ხელსაყრელ დროს“, – განაცხადა ბჟანიამ.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.
პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.
ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.