„ასოცირებული წევრის სტატუსი" - ვერშბოუს იდეა საქართველოს NATO-ში გაწევრებისთვის

პუბლიკა

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ:

დიპლომატები დენიელ ფრიდი და ალექსანდერ ვერშბოუ მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ. დიპლომატები ფიქრობენ, რომ 1980-იანი წლების შემდეგ, ახლა აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ფრიდისა და ვერშბოუს ანგარიში დასავლეთს ერთგვარ სახელმძღვანელოს აძლევს, რა ტრაექტორიით უნდა წარმართოს რუსეთთან ურთიერთობა.

„ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უკრაინასა და საქართველოს წევრობისთვის ახალი სტატუსის შექმნის იდეაზეც ისაუბრა. ვერშბოუ ხაზგასმით ამბობს, რომ მოსკოვთან სამომავლო უკეთესი ურთიერთობების სამსხვერპლოზე დასავლეთმა რუსეთის მეზობელი ქვეყნები არ უნდა შესწიროს. დიპლომატი ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს, უკრაინასა და ახლა უკვე ბელარუსს სუვერენიტეტის დაცვაში უნდა დაეხმაროს.

ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ უკრაინასა და საქართველოს NATO-ში გაწევრებისთვის შესაძლოა, უპრიანი იყო ახალი სტატუსის შექმნა, მაგალითად – ასოცირებული წევრის სტატუსის.

„NATO-ში რუსეთის წვერობის საკითხს სერიოზულად განიხილავდნენ კლინტონი და ელცინი, თუმცა საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია, ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა NATO-სა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ NATO-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისა და საქართველოსთვის“, – განაცხადა ვერშბოუმ.