AstraZeneca-ის 1600-მდე დოზა გადანახულია და ვისაც მე-10-მე-12 კვირა უწევს, აიცრებიან - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა AstraZeneca-ის ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო. როგორც მან აღნიშნა, ყველას, ვინც დარეგისტრირებული იყო რევაქცინაციაზე, მეორე დოზის გარეშე არ დარჩებიან.

ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა, რატომ შეიქმნა დეფიციტი ქვეყანაში. მისი თქმით, AstraZeneca-ის ვაქცინა ქვეყანას შესყიდული აქვს Covax-ის პლატფორმით, რომელიც ბოლო მონაცემებით 22 ივნისის გამთენიისას უნდა შემოსულიყო. თუმცა, მისი თქმით, მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება.

„მოგეხსენებათ, რომ AstraZeneca-ის ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა ორჯერ, ჯამში 86 600-მდე დოზა. პირველი შემოსვლა იყო მარტის 13-ში, მეორე შემოსვლა – აპრილის შუა რიცხვებში. მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო (ეს იყო Covax-ით შესყიდული ვაქცინა) მაისის შუა რიცხვებში. შემდგომ მოწოდების ეს ვადა გადავიდა ივნისზე. ჯერ საუბარი იყო ივნისის დასაწყისზე, შემდეგ კი გვითხრეს, რომ მოგვეწოდებოდა ივნისის 22-ში გამთენიისას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორებთან, რომელსაც მე ახლა არ ჩავუღრმავდები, მაგრამ,  ფაქტია, რომ ეს ვერ მოხდა. ამიტომ ჩვენ შეგვექმნა 4000-5000-მდე ვაქცინის დეფიციტი AstraZeneca-ზე“, – განაცხადა მან.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, დეფიციტი ძირითადად შეიქმნა სამ კლინიკაში და ესენია რესპუბლიკური საავადმყოფო, ინფექციური საავადმყოფო და ხეჩინაშვილის კლინიკა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, იყო გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემებიც.

„დეფიციტი ძირითადად იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ინფექციურ საავადმყოფოში და ასევე, ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში. რატომ? იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ყველაზე მეტ აცრას ეს 2 წამყვანი კლინიკა ატარებს, მხედველობაში მაქვს ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო და ხეჩინაშვილის კლინიკა. ამ საკითხთან მიმართებით მოკვლევა მიმდინარეობს. იყო, არ დავმალავ გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები, ამ პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც. მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანთა ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი“, – თქვა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, AstraZeneca-ის ვაქცინის 1600-მდე დოზა გადანახულია და იმ ადამიანებს, რომლებსაც უწევთ მე-10-მე-12 კვირა პირველი ვაქცინაციიდან, აცრას შეძლებენ.

„ვინც ჩაწერილია და მათ 10-დან 12 კვირის განმავლობაში აქვთ აცრა ჩასატარებელი, ყველა ის ადამიანი აიცრება. 1 600-მდე დოზა ჩვენს ქსელში არის AstraZeneca-ის. ვიმეორებ, ყველა აიცრება, ვისაც 10-დან 12 კვირის განმავლობაში ჰქონდა ჯავშანი და ელოდებოდა აცრას. ვისაც ჰქონდა დაჯავშნილი 4-დან 10 კვირამდე, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას“, – თქვა მან.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ბოლო კვლევებით AstraZeneca-ის ვაქცინით რევაქციანაცია უკეთესია, ჩატარდება 8-დან 12 კვირის შუალედში.

„AstraZeneca-ის ვაქცინა იცით, რომ გახლავთ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა, რომელიც  კეთდება ორჯერადად. და ის კეთდება ისტრუქციის მიხედვით, 4-დან 12 კვირის შუალედში. ანუ მეორე, რევაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს 4-დან 12 კვირამდე. მაგრამ ბევრი კვლევით, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, უმჯობესია, თუ ეს ვაქცინა გაკეთდება 8-დან 12 კვირის განმავლობაში. ამ დოზებზე, რომლებზეც გახსნილი იყო ჯავშნები 30 ივნისამდე, ჩაწერილი იყო დაახლოებით 5000-მდე ადამიანი. მათ შორის პირველ დოზაზე 1250 ადამიანი და დანარჩენი მეორე დოზაზე“, – განაცხადა მან.


მოქალაქეებმა, რომლებსაც AstraZeneca-ის ვაქცინის მეორე დოზაზე არიან დარეგისტრირებულნი, გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო მათი ჯავშანი გადავადებულია.