AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის ცდები დროებით შეჩერდა

პუბლიკა

კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის საბოლოო კლინიკური ცდები შეჩერდა. შეჩერების მიზეზი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ მონაწილესთან გამოხატული უარყოფითი რეაქცია გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

AstraZeneca-ს მიხედვით, ცდების შეჩერება „რუტინული“ პაუზაა, რომელიც „აუხსნელი ავადმყოფობის“ გამოჩენის შემთხვევაში ხდება, მაშინ, როცა არ არის დადგენილი ავადმყოფობა, ვაქცინამ გამოიწვია თუ უბრალოდ დაემთხვა. ვაქცინის მოქმედებაზე კი მსოფლიოს მასშტაბით აქტიური დაკვირვება გრძელდება. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა ერთ-ერთ წამყვან ალტერნატივად მიიჩნევა ვაქცინის კანდიდატებს შორის. მის შეძენას აპირებს საქართველოც.

ვაქცინამ ერთ-ერთმა პირველმა გაიარა წარმატებით კვლევის 1-ლი და მე-2 ეტაპები, რის შემდეგაც მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ მეცნიერები. მე-3 ეტაპზე ვაქცინის გამოცდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში 30 000 ადამიანზე დაიწყეს. როგორც წესი, ამ ფაზაში ვაქცინის კვლევა ათასობით ადამიანზე მიმდინარეობს და შეიძლება წლებიც გაგრძელდეს.