ატენის ქუჩაზე კორპუსის ფასადიდან ბათქაში ჩამოიშალა, დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

2 აპრილს თბილისში, ატენის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის ფასადიდან ბათქაში ჩამოვარდა. ვიდეოს ადგილობრივი მცხოვრები ავრცელებს. ელენე ოთარაშვილი facebook-ზე წერს, რომ ჩამოშლილმა ბათქაშმა რამდენიმე მანქანას მინები ჩაუმსხვრია.

„ატენის ქუჩაზე 24-სართულიანი უშველებელი კორპუსის ჩადგმა რომ დაიწყეს ბევრჯერ გავაპროტესტეთ, საჩივრები ვწერეთ მეზობლებმა, მაგრამ უშედეგოდ,  მაინც აშენდა ეს სახლი და დღეს, ქარის წამობერვაზე ერთბაშად ჩამოიშალა ფასადის ბათქაში, რამდენიმე მანქანას მინები ჩაუმსხვრია. რომ არა საგანგებო რეჟიმი, მანდვე მოედანზე ყოველთვის ბავშვები თამაშობენ და ხალხი მოძრაობს. ამ კადრებში მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს, შემდეგი ჩამოშლა უფრო საშიში იყო“, – წერს ელენე ოთარაშვილი.

„პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ მრავალსართულიანი სახლის კედლიდან ბათქაშის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.