სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, 31 დეკემბრის ღამეს, საპროტესტო აქციაზე ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები პოლიტიკურ ცვლილებებს და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.
სტუდენტებმა ახალი წლის ღამეს საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ლოზუნგით „საზეიმო არაფერია“
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დეკემბრში მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ტრაგედიის მიზეზი კორუფცია და სადგურზე დაუდევრად შესრულებული სამუშაოებია.
AP News-ის ინფორმაციით, ნოვი-სადის სადგურზე ბოლო წლებში სარემონტო სამუშაოები ორჯერ ჩატარდა „საეჭვო მეგაპროექტების” ფარგლებში, რომლებშიც ჩინეთის სამთავრობო კომპანიები მონაწილეობდნენ.
სერბეთის პოპულისტი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ არ დაემორჩილება მოთხოვნებს გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ და მის ოპონენტებს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, სტუდენტების გამოყენებაში ადანაშაულებს.
ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთია იმ ოთხი ქვეყნის მეთაურიდან, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად გამოცხადება მიულოცა.
სერბეთს მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან და დიდად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.