„ატლანტიკური საბჭო” ღრმადაა შეშფოთებული მომხდარით და იმ გავლენით, რაც ამას საქართველოში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე ექნება” – აცხადებს „ატლანტიკური საბჭო” თბილისში მისი ორი თანამშრომლის სახლების ჩხრეკასთან დაკავშირებით.
განცხადებას „ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიების პროგრამებისა და სტრატეგიის მიმართულებით და კვლევითი ლაბორატორიის უფროსი დირექტორი, გრაჰამ ბრუკი ავრცელებს.
ამერიკული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა საქართველოში ეწევიან დამოუკიდებელ, უპარტიო საქმიანობას, რაც მიზნად დემოკრატიის დაცვას ისახავს.
„24 ოქტომბერს, დილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, საქართველოში, ატლანტიკური საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ორი თანამშრომლის სახლები დაარბიეს და მათი ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს. ისინი არ დაუკავებიათ და საქართველოს ხელისუფლებას ბრალი არ წაუყენებია.
ჩვენი ქართველი კოლეგები – სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი ჩართულნი არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ საქმიანობაში, რომლის მიზანიც არის დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც მისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს ციფრულ სფეროში. მათ შორის კვლევითი საქმიანობით, რომელიც უკავშირდება უცხოური გავლენის ძალისხმევას, მარგინალიზებული ჯგუფების მიზანში ამოღებას და სხვა ციფრულ ზიანს.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს უფრო მეტ სიცხადეს მისი ქმედებების თაობაზე, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და დაცულობას, მათი ქონების დაბრუნებას და მათთვის საშუალების მიცემას, რომ განაგრძონ ქართულ დემოკრატიაში წვლილის შეტანა.
ატლანტიკური საბჭო დიდი ხანია არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი მისწრაფებების, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრების მხარდამჭერი”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ატლანტიკური საბჭო” აცხადებს, რომ გააგრძელებს მუშაობას საქართველოში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, თავისი მისიის შესაბამისად ფუნქციონირებას და ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას.
გუშინ, 24 ოქტომბერს ჩხრეკა თბილისში რამდენიმე ადგილას ერთდროულად მოეწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა Concentrix-ის ერთ-ერთი თანამშრომლის, სანდრო ცხადაძის სახლი.
ასევე, გაჩხრიკეს რუსული დეზინფორმაციის მკვლევრების, ამერიკული ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები. ამოიღეს ყველა სახის ელექტრონუნლი მოწყობილობა.
ეთო ბუზიაშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჩხრეკა ეხება ე.წ ქოლცენტრებს. უწყების განცხადებით, „საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში“, თუმცა განცხადებაში ობიექტები ჩამოთვლილი არ არის. არ ამბობენ არც იმას, ამ საქმის ფარგლებში ჩატარდა თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა.
ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლიც. როგორც ტყეშელაშვილმა თქვა, მას უთხრეს, რომ საქმე ე.წ. ქოლცენტრებს ეხება, თუმცა მას ამასთან შეხება არასდროს ჰქონია.