„აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით, 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის“ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულების შესახებ.
მისი თქმით, 2023 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებამ სხვები წაახალისა ნოემბერ-დეკემბერში „აქციებზე ძალადობისკენ“. რის შედეგადაც, მისი თქმით, დაახლოებით 30 ადამიანი პირველ რიგში, პრევენციული მიზნებისთვის დააკავეს.
„მარტივი ლოგიკაა, დანაშაული არ ისჯება და ხდება მისი წახალისება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ იქნება მუდმივად პასიურ რეჟიმში და აუცილებელია რეაგირება ჩადენილ დანაშაულებზე.
მართალია, დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით, 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის, რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო.
მე შეგახსენებთ, თუ რამდენად მაღალი სტანდარტია. ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, რეგულარულად 500 კაცი მაინც ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში 5 დღის განმავლობაში, ჯამში იქნებოდა 1000-მდე ადამიანი უშუალოდ ძალადობაში ჩართული. დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან მხოლოდ 30.
ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში. თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.