აუცილებელია, 90-95%-მა შინ და გარეთ ატაროს ნიღაბი, რაც შეამცირებს ინფიცირებას - კულუმბეგოვი

პუბლიკა

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, გამოვლენილი ადამიანების რაოდენობა პირდაპირპროპორციულად არ გაზრდილა და, შესაბამისად, შემცირდა პოზიტიურობის მაჩვენებელი 25%-მდე, რაც კარგია, თუმცა რამდენიმე დღით ამის განსაზღვრა და ბოლომდე ეპიდემიოლოგიური დასკვნის გაკეთება რთულია.

მისი ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და გაფართოებული ტესტირების ფონზე შემთხვევების გამოვლენის დინამიკაში დაკვირვების აუცილებლობას, რათა სწორი დასკვნები გაკეთდეს.

„უნდა დავაკვირდეთ 7-14-დღიან მონაცემებს და შემდგომ ვიმსჯელოთ. ზოგადად საუბარი იყო მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, განვიხილეთ იმავე გერმანიისა და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები. ასევე, ვიმსჯელეთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა.

მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა. ამიტომ, ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი-2 იანვრის გადაწყვეტილებები, რათა არ დაზიანდეს, ერთი მხრივ, ეპიდემიის სწორი მართვა და მეორე მხრივ ეკონომიკასაც მიეცეს დაპირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში მუშაობის საშუალება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.