აუცილებელია დამნაშავეების მკაცრად დასჯა, ერი და ბერი ყველა თანასწორია კანონის წინაშე - კუჭავა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

კახა კუჭავას თქმით, პარლამენტი აქტიურად უნდა ჩაერთოს როგორც ლაშქარავას გარდაცვალების, ისე 5 ივლისს განვითარებული მოვლენების საქმეში და მის ხელთ არსებული ბერკეტები გამოიყენოს სიმართლის დასადგენად.

კუჭავას თქმით, ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გაგრძელება იყო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ „შავი ლაქა“ უწოდა და განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის ისინიც, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

„[ლაშქარავას გარდაცვალების საქმე] არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სამწუხაროდ, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს გამეორება იმ „შავი ლაქისა“, რომელიც ჩვენ ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით. როცა ჩვენ ვიხილეთ ძალადობა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა.

ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერია კამერაზე ასახული და ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას. აუცილებელია, სრულად მოხდეს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება და მკაცრად დასჯა, რომ მსგავსი რამ მეორეჯერ აღარ მოუვიდეს თავში არავის.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს – ერი, ბერი ყველა თანასწორია კანონის წინაშე. ჩვენ სამწუხაროდ, ძალადობაზე წახალისებასაც ვისმენდით, რომელიც არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ საგამოძიებო უწყებების მიერ გახსნილი გამოძიების ჩატარება, არამედ პარლამენტის მხრიდანაც უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში, რათა საზოგადოებას კითხვები არ დარჩეს.

„ეს არის ის სამწუხარო ამბავი, რომელმაც აღაშფოთა ყველა. პარლამენტსაც მოუწევს ჩაერთოს აქტიურად იმაში, რომ რეალურად დადგინდეს ყველა მიზეზი. არ არის საუბარი მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე.

საუბარია და ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზაც, რომელიც უნდა ჩატარდეს. უნდა ჩაერთოს ყველა საერთაშორისო ექსპერტი თუ ამისი საჭიროება იქნება და როგორც ვხედავ, იქნება ამისი საჭიროება, რომ ნდობა იყოს და შედეგები ყველასთვის გახდეს ცნობილი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ გამოიყენოს ყველა ის ბერკეტი, რომელიც მოგვცემს სიმართლის დადგენის საშუალება. არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.