„შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რომელიც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს”, – საქართველოს საპატრიარქო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს ეხმაურება.
„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.
დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.
პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას”, – ნათქვამია განცხადებაში.
11 აპრილიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციამ დღეს, 14 აპრილს ადგილზე რკინის ღობეც აღმართა და პროტესტის მონაწილეებს ხეობაში არ უშვებს. მათი თქმით, „უსაფრთხოების მიზნით“, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.