აუცილებელია, გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მან უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მისიამ  უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება, რაც ადმინისტრაციულ ხაზზე მეტ სიმშვიდეს მოიტანს და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო ნორმალურ პირობებში იცხოვრონ.

„ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რა სიხშირით იტაცებენ ადამიანებს, ვიცით რა მძიმეა ადმინისტრაციულ ხაზს იქით არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს კიდევ დაუდასტურა მისიის მიმართ პირადად მისი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რათა ყველა პირობა შეიქმნას მისიის მანდატის განსახორციელებლად.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს მისიის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.

„ჩემი აზრით, ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ევროკავშირის მხრიდან ამ რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის ერთგვარი გამოხატულებაა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.

ჩვენ ვპატრულირებთ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.

ჩემი აზრით, ჩვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინციდენტებისა და დაკავებების შესაფასებლად, სანამ ისინი უკონტროლო ზღვრამდე გამწვავდება.

მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს მისიის დაფასების, ჩვენი ოპერაციული საქმიანობის მიმართ ინტერესის გამოხატვისა და იმ სურვილისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა თანხვედრაში იყოს თავდაპირველ მანდატთან, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს.

მე მსურს, დავარწმუნო ქალბატონი პრეზიდენტი, რომ პანდემიის პერიოდშიც კი, ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა ჩვენი მანდატი და მოწოდებულნი ვართ მომავალშიც განვაგრძოთ საქმიანობა”,  – აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

შეხვედრის შესახებ წერილობით განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.