აუცილებელია, ორგანიზატორებმა ღიად დაგმონ აქტივისტებზე ძალადობა და გაემიჯნონ რადიკალურ ჯგუფებს - „თანასწორობის მოძრაობა"

პუბლიკა

„აუცილებლად მიგვაჩნია, აქციის ორგანიზატორებმა ღიად და საჯაროდ დაგმონ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები, გაემიჯნონ ულტრამემარჯვენე, რადიკალურ ჯგუფებს და ხელი შეუწყონ პროტესტში მონაწილე პირების მშვიდობიან გამოხატვას”, – „თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებს.

„ცალკეული აქტივისტებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა აქტივისტებს ბანერი დაუხიეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობის ფაქტებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი რეაგირება არ მოყოლია. ულტრამემარჯვენე ჯგუფების თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე აქტივისტი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ტერიტორია.

„თანასწორობის მოძრაობა” მხარს უჭერს რიონის ხეობის მცველების სამართლიან პროტესტს. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი აერთიანებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს. გვჯერა, რომ პროტესტის მიზანი საერთო კეთილდეობის მიღწევაა და არა საზოგადოების დანაწევრება, პოლარიზება. აუცილებლად მიგვაჩნია, აქციის ორგანიზატორებმა ღიად და საჯაროდ დაგმონ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები, გაემიჯნონ ულტრამემარჯვენე, რადიკალურ ჯგუფებს და ხელი შეუწყონ პროტესტში მონაწილე პირების მშვიდობიან გამოხატვას.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოება, გაატარონ ეფექტიანი ზომები ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მოძალადეების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროპორციული საშუალებები გამოიყენონ”, – ნათქვამია განცხადებაში.