კრისტიან დანიელსონისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს არასამთავრობოების წარმომადგენლებმა. არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენლის გურო იმნაძის თქმით, მათ ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია პარტიებმა პირველ რიგში დააყენონ ხალხისთვის სასიცოცხლო ინტერესები, ხოლო ხელისუფლებმა ამ პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნება აჩვენოს.
„ეს კრიზისი დამძიმებულია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში აუცილებელია პარტიებმა ნომერ პირველ პრიორიტეტად დააყენონ ხალხისთვის სასიცოცხლო საკითხები და მხოლოდ შემდეგ იყოს განხილული პარტიული ინტერესები.
ცხადია, ასევე ვისაუბრეთ რეფორმების იდეებზე. დიალოგი ორმხრივია და რადგან ამ დრომდე ვერ მოხდა შეთანხმება ორივე მხარეს აკისრებს მეტ პასუხისმგებლობას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარეს ერთნაირ პასუხისმგებლობას აკისრებს.
ჩვენ პირველ რიგში ველოდებით „ქართული ოცნებისგან“, რომ ამ პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნება აჩვენოს. იქნება მართლმსასჯულების რეფორმა თუ სხვა. სამწუხაროდ, ამ ნებას ჩვენ ვერ ვხედავთ, მხოლოდ ვისმენთ თუ როგორი წარმატებული რეფორმები გატარდა სასამართლოში და ა. შ. ეს, სამწუხაროდ, არ გვაძლევს იმის მოლოდინს, რომ ეს პრობლემები მოგვარდება“, – თქვა გურო იმნაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.