აუცილებელია შეთანხმება საერთო კანდიდატებზე - „ევროპული საქართველო" მზადყოფნას გამოთქვამს

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ერთიანობას მოითხოვს. ის ამბობს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ოლქების უმრავლესობაში ოპოზიციას საერთო კანდიდატები ჰყავდეს.

„30 უკანასკნელი ოლქი მოითხოვს ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ერთიანობას. არც ისაა დასამალი, რომ ხშირად ერთ პარტიაში ჭირს კანდიდატურების შერჩევა, სიების შედგენა, აღარ არის საუბარი 30-40 პოლიტიკურ პარტიაზე, საიდანაც უმრავლესობას ინტერესები აქვს, მათ შორის, მაჟორიტარულ ოლქებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა საკუთარი მდგომარეობა საქართველოში. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ  უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები შევარჩიოთ, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ეთანხმება ნათელაშვილის ამ ინიციატივას და აცხადებს, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში, უპირველეს ყოვლისა, თბილისში, ოპოზიციის გამარჯვების საკვანძო ელემენტია, განსხვავებული პოზიციები კი ხელისუფლების შანსებს ზრდის.

„მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ოღონდ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის. მზად ვართ, შევიკრიბოთ და კონკრეტულად უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნება ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები”, – განაცხადა ბაქრაძემ.

საერთო მაჟორიტარული კანდიდატების აუცილებლობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ უმჯობესია, ოპოზიციურმა პარტიებმა ზედმეტი საჯარო განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„დავსხდეთ ჩვენ ყველა ერთად, როგორც გვჩვევია და მივიღოთ საერთო, ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ლელოს” წევრი კახა კოჟორიძე კი აცხადებს, რომ 30-ივე ოლქში პარტიას თავისი მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება, თუმცა საგამონაკლისო წესით შესაძლებელია ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა.

„რამდენიმე ოლქში, შესაძლებელია ჩვენ ვითანამშრომლოთ, რომ იყოს კანდიდატი, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა ექნება და სამაგიეროდ ჩვენ დავუჭიროთ მათ კანდიდატს სხვაგან, ასეთი რამე გამორიცხული არ არის”, – აცხადებს კოჟორიძე.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

აღნიშნული ცვლილებები კონსტიტუციაში ჯერ არ ასახულა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში დღეს გაიმართება.