აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება - ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

პუბლიკა

გაზრდილი ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება, რათა ვირუსის გავრცელების შენელება მოვახერხოთ, – განაცხადა  ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ.

„ეპიდემიის მართვას ეძღვნებოდა ჩვენი შეხვედრები, როგორც სარესტორნო სექტორთან, ისე სავაჭრო ცენტრებისა და ძირითადი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა გამოვიყენოთ. ეს გვინდა, რომ გავაკეთოთ ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით. ეს შეხვედრები გაგრძელდება და ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან იმ წესების და რეგულაციების დაცვა, რომლებიც დადგენილია. ბუნებრივია, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო საქმე – როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი და საჭირო, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ტემპის შემდგომი ზრდა და პირიქით, შევძლოთ ვითარების სტაბილიზაცია”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებსა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა. კომპანია „გორგიას“ კომერციული დირექტორის, დავით აზმაიფარაშვილის განცხადებით, სავაჭრო დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვა შესაძლოა საათების ან დღეების მიხედვით დაწესდეს.

„შემზღუდავი ზომები შეიძლება იყოს საათობრივი – მუშაობის საათების შეზღუდვა. შეიძლება იყოს კონკრეტული დღეების, მაგალითად, შაბათის და კვირის – ორი დღის ამორჩევა, როდესაც შეიზღუდება საცალო ვაჭრობა, ან შეიძლება ტრანსპორტის შეზღუდვაზეც იყოს საუბარი. აქედან მოხდება ყველაზე ოპტიმალურის ამორჩევა და შევთანხმდებით, რაც ვფიქრობ, რომ ნორმალურად გამოიყვანს ქვეყანასაც და ბიზნესსაც ამ სიტუაციიდან. ყველანაირი იდეა იყო განხილული. ალტერნატიული იდეა არც კი არსებობს იმიტომ, რომ ყველა ვარიანტზე ვიმსჯელეთ“, – განაცხადა დავით აზმაიფარაშვილმა.