აუცილებლად ავამოქმედებთ იმ გეგმას, რომელიც ცუდი სცენარის შემთხვევაში იყო გათვალისწინებული - ზალკალიანი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ განაცხადა, რომ  ექიმის დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია და პატიმრობამ ეს დაადასტურა.

მისი თქმით, აუცილებლად ამოქმედდება ის გეგმა, რომელიც ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევისთვის იყო გათვალისწინებული.

„ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გვექნება მყისიერი რეაგირება. იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ცუდ სცენართან მიმართებაში, აუცილებლად ავამოქმედებთ და მინდა გითხრათ, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბატონი ვაჟა, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში.

ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, დაუშვებელი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და მაქსიმალურად იქნება ამოქმედებული ყველა არსებული თუ არარსებული მექანიზმი. პირველ რიგში, ეს იქნება ჟენევის თანათავმჯდომარეები. მე დაუყოვნებლივ მექნება მათთან სატელეფონო ზარები, ასევე მექნება კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, მათ შორის, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ასევე ევროკავშირთან, გაერო-სთან, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას ამოქმედებული ყველა მექანიზმი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საოკუპაციო რეჟიმის, ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.