აუცრელობის გამო ჯოკოვიჩს საფრანგეთის ღია პირველობაზეც არ დაუშვებენ

პუბლიკა

იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, Australian Open-ის 9-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება, საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირზე არ დაუშვებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საფრანგეთის სპორტის მინისტრის თქმით, საფრანგეთის ახალი კანონი, რომ ტურნირებზე მხოლოდ ვაქცინირებულები დაიშვებიან, მოქმედებს როგორც მაყურებლებზე, ისე მოთამაშეებზე. მინისტრი ამბობს, რომ ჯოკოვიჩისთვის გამონაკლისს არ დაუშვებენ.

საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირი, ანუ როლან გაროსი მაისშია ჩანიშნული და მინისტრი იმედოვნებს, რომ მანამდე სიტუაცია შეიცვლება.


გუშინ ჯოკოვიჩს ავსტრალიის დატოვება მოუწია, ის ავსტრალიის ღია ჩემპიონატამდე აუცრელობის გამო დაადეპორტეს. მსოფლიოს პირველ ჩოგბურთელს ავსტრალიამ ზედიზედ ორჯერ გაუუქმა ვიზა.

ასევე, რამდენიმე დღის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაადასტურა, რომ გასულ თვეს Covid-19-ის დადასტურების შემდეგ იზოლაციის წესები დაარღვია. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯოკოვიჩი წერდა, რომ 16 დეკემბერს Covid-19-ის დადასტურებიდან ორ დღეში ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.