ევროპარლამენტში რუსული კანონის შესახებ დებატები მიმდინარეობს – იქ წარდგენილია რეზოლუციის 4 პროექტი, რომელსაც ხუთშაბათს უყრიან კენჭსს. სიტყვით გამოსვლის დროს ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროკავშირის ინსტიტუციების სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, მათ შორის დაასახელა ზვიად ხარაზიშვილი და ვაჟა სირაძე.
„მე მივესალმები ამ ნაბიჯის მიმართ ქართველი ხალხის პროტესტს და მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუციებს დააწესოს სანქციები მათ მიმართ, ვინც დემოკრატიულ პროცესებს უთხრის ძირს და აორგანიზებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებებს, კონკრეტულად ზვიად ხარაზიშვილსა და ვაჟა სირაძეს. ისინი მოქმედებენ ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ”, – თქვა მან.
ევროპარლამენტში ინიციირებული ერთ-ერთი რეზოლუციის პროექტის თანახმად ევროპარლამენტარები ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ ის მსგავსია რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს მიღებული კანონისა.
პროექტის ავტორები არიან მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი და სხვები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მისი მიღება არამხოლოდ დააზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არამედ ძირს გამოუთხრის დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და მედიების საქმიანობებს.